суббота, 13 июня 2009 г.

ჯაზი

 (ინგლ. Jazz) ორიგინალური ამერიკული მუსიკალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც ადრეულ 1920-იან წლებში ნიუ-ორლეანში გაჩნდა; ეფუძნება დასავლეთის მუსკიკალურ ტექნიკასა და თეორიას და მის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აფრო-ამერიკელთა კულტურულ ტრადიციებს. ჯაზისთვის დამახასიათებელია რბილი ნოტები, სინკოპაცია, სვინგი, პოლირითმია და იმპროვიზაცია. ჯაზს ხშირად „ამერიკის კლასიკურ მუსიკად“ მოიხსენიებენ.

ჯაზი, როგორც მუსიკალური მიმდინარეობა, შეიქმნა დასავლეთ აფრიკული (ტუნისი) და ვესტერნული მუსიკალური ტრადიციების, ბლუზისა და რეგთაიმის, „ახალი ინგლისური“ რელიგიური ჰიმნების, ჩრდილო ამერიკული ფოლკლორის (ჰილიბილი) და ევროპული „მარშინგ ბენდების“ მუსიკის ურთიერთშერწყმის საფუძველზე.
მე-20 საუკუნის დასაწყისში, აფრო-ამერიკულ საზოგადოებაში დამკვიდრების შემდეგ, ჯაზი 20-იან წლებში უკვე გავლენას ახდენს მუსიკის სხვა ჟანრებზეც.

ჯაზი აღმოცენდა ბლუზზე, რომელიც დასავლეთ აფრიკული კულტურისა და ტრადიციების საფუძველზე ჩამოყალიბდა და რომელსაც საფუძველი დაუდო გათავისუფლებულმა აფრიკელმა მონებმა სამხრეთ ამერიკაში. ჯაზ მუსიკოსი ვინთონ მარსალისი (ინგლ. Wynton Marsalis) აღნიშნავდა: „ჯაზი შავკანიანთა უცნაური გამოგონებაა...“
მარშინგ და საცეკვაო ბენდების ინსტრუმენტები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯაზური მუსიკის წამყვან ინსტრუმენტებად იქცნენ.

ჯაზის ფესვები 
საერთოდ პირველი ჯაზ-მუსიკა აფრო-ამერიკელების მიერ იქნა დაკრული ნიუ–ორლეანში. ბადი ბოლდენი (ინგლ. Buddy Bolden) უკრავდა კორნეტზე და ძირითადად ეს კაცი ითვლება პირველ ნამდვილ ჯაზ მუსიკოსად. ასევე იყვნენ რედი კეპარდი (ინგლ. Reddy Keppard), კლარენს ვილიამსი (ინგლ. Clarence Williams) და სხვები. ეს მუსიკოსები ხალხის უმრავლესობისათვის უცნობია, თუმცა მათი იდეები ჯერ კიდევ ახდენენ ზეგავლენას იმაზე, თუ როგორ იკვრება დღესდღეობით ჯაზი.

მეორე ტალღა ჯაზმენებისა იყო ჯო ოლივერი (ინგლ. Joe Oliver), ჯელი როლ მარტონი (ინგლ. Jelly Roll Morton) და სხვები. ამ მუსიკოსებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ბენდები, გააუმჯობესეს და გაართულეს შესრულების ტექნიკა და მეტი წარმატებაც მლოიპოვეს. ამ პერიოდის მუსიკა ცნობილია, როგორც „Hot Jazz“ (მხურვალე ჯაზი), არანორმალურად სწრაფი ტემპების გამო.

ჯო ოლივერმა ნიუ ორლეანში აღამოაჩინა ახალგაზრდა კორნეტისტი, სახელად ლუის არმსტრონგი (ინგლ. Louis Armstrong). მალე ის ერთერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ მუსიკოსად იქცა მსოფლიოში. ამ ჯაზმენების მუსიკა ყოველთვის პატივისცემის ღირსია.
ჯაზის ტრადიციული ინსტრუმენტებია: საქსოფონი - საყვირი - ტრომბონი - კლარნეტი - ფორტეპიანო - გიტარა - კონტრაბასი - ბას გიტარა - დასარტყამები.

ჯაზის მიმდინარეობები:

Avant-garde jazz – Bebop – Cool jazz – Dixieland – Free jazz – Gypsy jazz – Hard bop – Jazz fusion –Kansas City Jazz – Latin jazz – Modal jazz – M-Base – Smooth jazz – Soul jazz – Swing – Trad jazz – Third Stream Acid jazz – Asian American jazz – Calypso jazz – Jazz blues – Jazz fusion – Jazz rap – Nu jazz – Smooth jazz – Bossa Nova - Funk  

აი ორი ყველაზე პოპულარული:

ასიდ-ჯაზი

ასიდ-ჯაზი (აგრეთვე ცნობილი როგორც გრუვ-ჯაზი ან კლაბ-ჯაზი) მუსიკალური ჟანრია, რომელიც აერთიანებს ჯაზურ გავლენას სოულის, ფანკის, დისკოსა და ასევე 90-იანების ინგლისური საცეკვაო მუსიკის ელემენტებს, განსაკუთრებით კი განმეორებად რითმსა და მოდალურ ჰარმონიას. ეს ჟანრი 1980-90-იან წლებში განვითარდა, მალევე გადალახა ჯაზ-ფუჟენის ზღვარი და ახალ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა.
ჟანრის ჩასახვის ერთ-ერთი იდეა იყო ჯაზის დაბრუნება იქ სადაც ის დაიბადა, ანუ საცეკვაო დარბაზში. ამიტომაც ახასიათებს მას სულშიჩამწვდომი, მელანქოლიური, ჯაზისთვის დამახასიათებელი იმპროვიზაციები და ხმოვანება.

ნუ-ჯაზი

ტერმინი ნუ-ჯაზი (Nu-jazz, ასევე ცნობილი როგორც ელექტრო-ჯაზი ან ფუჟენ) გაჩნდა გვიანდელ 1990-იან წლებში და მიუთითებს სტილზე, რომელშიც შერწყმულია ჯაზის ტექტსტურა და ზოგჯერ ჯაზის ინსტრუმენტალიზმი ელექტრონულ მუსიკასთან. ისევე როგორც ტერმინი ელექტრონიკა, ნუ-ჯაზიც საკმაოდ არამკაფიოდ განსაზღვული მუსიკალური სტილების დაჯგუფებაა. ის მოიცავს, როგორც ცოცხალი ინსტრუმენტალური შესრულების კომბინაციას ჯაზ-ჰაუზის რითმებთან (მაგ. ფრანგი სენ-ჟერმენი (მუსიკოსი), გერმანელი ჯაზანოვა და ბრიტანელი ფილა ბრაზილია), ასევე უფრო ბენდურ ჯაზურ იმპროვიზაციებს ელექტრონულ ელემენტებთან (მაგ. ბრიტანული სინემატიკ ორკესტრა, ბელგიური ფუჟენ-ქალჩა და ნორვეგიული ფუტურისტული ჯაზის სტილი ბუგე ვესელტოფტის, ჯაგა ჯაზისტის, ნილს პიტერ მოლვერის და სხვათა მიერ).
ნუ-ჯაზი უფრო ღრმად იჭრება ელექტრონიკის ტერიტორიაზე ვინემ მისი ახლო ბიძაშვილი ასიდ-ჯაზი (ან გრუვ-ჯაზი), რომელიც უფრო ახლოა მიწიერ ფანკთან, სოულთან და რითმ-ენდ-ბლიუზთან. თუმცა ბოლო დროს სულ უფრო რთული ხდება მათ შორის საზღვრის გავლება.



მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჯაზმენები

ლუი არმსტრონგი

ლუი დენიელ არმსტრონგი (ინგ. Louis Daniel Armstrong) (4 აგვისტო, 1901 - 6 ივლისი, 1971) (აგრეთვე მეტსახელებით საჩმო (Satchmo) და პოპსი (Pops)) - ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი. არმსტრონგი ქარიზმატული, მუდამ ახლის მაძიებელი შემსრულებელი იყო, რომლის მუსიკალურმა ტალანტმა და ბრწყინვალე პიროვნულმა თვისებებმა ჯაზის უხეში რეგიონალური საცეკვაო მუსიკიდან პოპულარულ მხატვრულ ფორმად ტრანსფორმაცია მოახდინა. შესაძლოა მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილმა ჯაზის მუსიკოსმა პირველად პოპულარობა საყვირზე შესრულებით მოიპოვა, თუმცა კარიერის ბოლოსკენ ის უკვე განთქმული იყო როგორც საუკეთესო ვოკალისტი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაზის მომღერალი.
არმსტრონგი დაიბადა ახალი ორლეანში, ლუიზიანა, ხელმოკლე ოჯახში. ახალგაზრდობა სიღარიბეში გაატარა ნიუ-ორლეანის ერთ-ერთ საკმაოდ კრიმინალურ გარეუბანში. თავდაპირველად კორნეტზე დაკვრა ისწავლა ნიუ-ორლეანის მიუსაფართა სახლში ფერადკანიანთათვის, სადაც ის რამდენჯერმე იქნა გაგზავნილი ქუჩის მოხეტიალე ბავშვებთან აკიდების გამო და განსაკუთრებით კი ახალი წლის აღსანიშნავად ჰაერში დამბაჩის გასროლის გამო დაკავების შემდეგ. ის ხშირად დაჰყვებოდა ქალაქის სასულიერო ორკესტრის აღლუმებს და ყოველ შესაძლებლობას იყენებდა ძველი მუსიკოსებისთვის მოესმინა, სწავლობდა რა ბანკ ჯონსონის, ბადი პეტიტისა და განსაკუთრებით ჯო "კინგ" ოლივერისგან, რომელიც ახალგაზრდა არმსტრონგისთვის მენტორისა და მამის ფუნქციას ასრულებდა. არმსტრონგი მოგვიანებით თავად იწყებს შესრულებას ქალაქის სასულიერო ორკესტრში, მოგზაურობს რა იმჟამად კარგად ცნობილ ბენდთან "ფატ-მარაბლი", რომელიც თბომავლით მდინარე მისისიპის ტურებს დაჰყვებოდა. თავად არმსტრონგი მის ამ ბენდთან გატარებულ დროს "უნივერსიტეტში სიარულს" ადარებდა, ვინაიდან ამ ორკესტრმა დიდი გამოცდილება მისცა მას ფორმალური მუსიკის შესრულების დარგში. 1919 წელს ქალაქიდან ჯო ილივერის წასვლის შემდეგ არმსტრონგი მის ადგილს იჭერს კიდ ორის ბენდში, რომელიც იმჟამად ყველაზე "ცხელ" ჯაზ-ბენდად ითვლებოდა ახალ ორლეანში.
1922 წელს არმსტრონგი ჩიკაგოში მასიურ მიგრაციას მიჰყვება, სადაც ის ჯო ოლივერის კრეოლ ჯაზ-ბენდს უერთდება. 1920-იანებში ოლივერის ბენდი საუკეთესო და ყველაზე გავლენიანი ჯაზ-ბენდი იყო ჩიკაკოში, ქალაქში, რომელიც იმხანად ჯაზის ცენტრი გახდა. არმსტრონგმა აქ რამდენიმე საკუთარი ჩანაწერი გააკეთა 1923 წელს ოლივერის ბენდში მეორე კორნეტზე შესრულების პარალელურად.
არმსტრონგი ოლივერთან მუშაობით საკმაოდ კმაყოფილი იყო, თუმცა მისი მეუღლის, პიანისტ ლილ ჰარდინ არმსტრონგის დაჟინებით უფრო მაღალი ანაზღაურება მოეძებნა, ის და ოლივერი მეგობრულად ეთხოვებიან ერთმანეთს და არმსტრონგი ნიუ-იორკში გადადის ფლეტჩერ ჰენდერსონის ორკესტრში, იმჟამად საუკეთესო აფრიკულ-ამერიკულ ბენდში, შემსრულებლად. აქ არმსტრონგი საყვირზე გადადის მისი განყოფილების სხვა მუსიკოსებთან უკეთ შესაწყობად. ამავე დროს ის ქმნის უამრავ პირად ჩანაწერს მისი ძველი ნიუ-ორლეანელი მეგობრის, პიანისტ კლარენს უილიამსის დახმარებით. მათ შორისაა მცირე ჯაზური შესრულებანი დუეტში სიდნი ბეხეტთან და ბლუზის მომღერალთა აკომპანემენტების სერია.
1925 წელს ის ჩიკაგოში ბრუნდება და იწყებს ჩაწერას საკუთარი სახელით მის სახელგანთქმულ ჯგუფებთან "ჰოტ ფაივ" (ცხელი ხუთეული) და "ჰოტ სევენ" (ცხელი შვიდეული). მათ შორისაა ჰიტები - "Potato Head Blues", "Muggles" (ნიუ-ორლეანური ჟარგონით - მარიხუანა, რომელსაც ის საკმაოდ წყალობდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში), და "West End Blues", რომლის მუსიკამაც ჯაზის შესრულების სტანდარტი დააწესა მრავალი მომდევნო წლის განმავლობაში. არმსტრონგის ინტრო საყვირით "West End Blues"-ში დღემდე რჩება ჯაზის ისტორიაში ყველაზე განთქმულ იმპროვიზაციად.
1929 წელს არმსტრონგი ნიუ-იორკში ბრუნდება, 1930 წელს კი ლოს-ანჯელესში გადადის, შემდეგ ტურით ევროპაში მიემგზავრება. მრავალი წლის მოგზაურობის შემდეგ ის საბოლოოდ ქვინსში, ნიუ-იორკი, სახლდება 1943 წელს. ხმის ჩამწერი სტუდიებისა და მუსიკის ბიზნესის განგსტერთაგან გამუდმებული შევიწროების მიუხედავად არმსტრონგი აქტიურად აგრძელებს საკუთარი შესრულების სტილის დახვეწას.
შემდგომი ოცდაათი წლის განმავლობაში არმსტრონგი ყოველწლიურად 300-ზე მეტ კონცერტს ატარებს. 1940-იან წლებში დიდ ბენდებზე მოთხოვნამ იკლო პოპულარული გემოვნების ცვლილებასთან ერთად: საბანკეტო დარბაზები დაიხურა, ხოლო ტელევიზიის შემოტევისა და სხვა ტიპის პოპულარული მუსიკის ჟანრების აღმოცენებასთან ერთად ჯაზის პოპულარობამ იკლო. შესაბამისად დღითიდღე უფრო გართულდა 16-წევრიანი ბენდის ტურების დაფინანსება.



რეი ჩარლზი

რეი ჩარლზი (Ray Charles, სრული სახელი Ray Charles Robinson) (23 სექტემბერი, 1930 – 10 ივნისი, 2004), ამერიკელი პიანისტი და სოულის შემსრულებელი, რომელმაც დასაბამი მისცა რითმ-ენდ-ბლუზის მიმდინარეობას. მან შემოიტანა სოულის ხმოვანება ქანთრიში, პოპ სტანდარტებში. ფრენკ სინატრამ მას უწოდა "ერთადერთი ნამდვილი გენიოსი ამ ბიზნესში", ხოლო ჟურნალმა როლინგ სტოუნი რეი ჩარლზს სიაში "უკვდავები: ყველა დროის 100 უდიდესი ხელოვანი" (The Immortals: 100 Greatest Artists of All Time) მე-10 ადგილი მიუჩინა.რეი ჩარლზი დაიბადა პატარა ქალაქ ელბანში, შტატ ჯორჯიაში. დედა არეტა რობინსონი, მამა ბეილი რობინსონი. რეის ოჯახი იყო ძალიან ღარიბი, როგორც თვითონ ამბობდა ისინი სხვა ზანგებს შორისაც კი ყველაზე დაბალ საფეხურზე იმყოფებოდნენ, ყველას დაბლიდან უყურებდნენ და მათ ქვემოთ მხოლოდ მიწა იყო. როდესაც რეი რამოდენიმე თვის იყო მისი ოჯახი გრინვილის დასახლებაში, სამხრეთ ფლორიდაში გადავიდა საცხოვრებლად. რეის მამა არ თამაშობდა მის ცხოვრებაში დიდ როლს, ხოლო შემდეგ მან საერთოდ დატოვა ოჯახი. რეის და ერთი წლით უმცროს ძმას ჯორჯს, არეტა და დედამისი, მერი ჯეი რობინსონი უვლიდნენ. როდესაც რეი ხუთი წლის იყო მისი ძმა ქუჩაში მდგარ ტაშტში ჩავარდა, ამის მომსწრე რეი ცდილობდა ძმის გადარჩენას, მაგრამ ამაოდ, ჯორჯი მისთვის საკმაოდ მძიმე იყო. ჯორჯი დაიხრჩო, ხოლო რეი გადატანილი სტრესის გამო თანდათან კარგავდა მხედველობას, ხოლო შვიდი წლის ასაკში საერთოდ დაბრმავდა.დაბრმავების მიზეზი უცნობი დარჩა, მაგრამ არსებობს დოკუმენტები, რომ გამომწვევი მიზეზი გლაუკომა იყო.
პირველად მისი მუსიკალური ტალანტი სამი წლის ასაკში გამოვლინდა. მასზე აფთიაქის მეპატრონემ იმოქმედა, რომელიც პიანინოზე უკრავდა. ამ უკანასკნელმა ასწავლა პირველი სამი ნოტი რეის. შემდგომ ჩააბარა ბრმებისა და ყრუებისათვის განკუთვნილ სკოლაში, სენტ-აუგუსტინეში, შტატი ფლორიდა. აქ რეიმ შიესწავლა ბრაილის ანბანი და რამოდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ესენია _ პიანინო, ორღანი, საქსაფონი, ტრომბონი და კლარნეტი. სკოლაში გამოვლინდა რეის მუსიკალური ტალანტი, იგი მღეოდა ბაპტისტურ გუნდში. 1945 წელს დაეღუპა დედა, ორი წლის შემდეგ კი მამა.
სკოლის დამთავრების შემდეგ რეი მონაწილეობდა ბევრ მუსიკალურ პროექტში, ძირითადად ჯაზის და ქანთრის სტილში. თავის შემოქმედებაში კრებდა ცნობილი ჯაზმენების შთაგონებას, როგორებიცაა _ ქაუნთა ბეისი, არტა თეითუმა და ართი შოუ. პირველი ჯგუფი რომელშიც იგი მოღვაწეობდა ეწოდებოდა «The Florida Playboys». 1947 წელს, როდესაც 600 დოლარი მოაგროვა, გაემგზავრა სიეტლში. აქ გიტარისტ გოსადი მაკჰისთან ერთად დააარსა ჯგუფი «MacSon Trio» (ხშირად Maxim-ს უწოდებდნენ). მალე მათ სიმღერების ჩაწერა დაიწყეს Swingtime Records-თან ერთად. პირველი სამი ჩანაწერი იყო «Guitar Blues», «Walkin' and Talkin'» და «Wonderin' and Wonderin'». იგი თანამშრომლობდა ცნობილ R&B შემსრულებელ ლოუელ ფულსონთან და მის ჯგუფთან, აკომპანიას უწევდა პიანინოთი. 1949 წელს გამოვიდა მისი ჰიტი «Confession Blues». რეის შემდეგი პოპულარული სიმღერა იყო «Baby, Let Me Hold Your Hand» (1951). ამის შემდეგ, 1952 წელს გადადის Atlantic records-ში, როცა უკვე მიხვდა რომ Swingtime Records-ში ყოფნით ვერ მიაღწევდა სასურველ შემოქმედებით თავისუფლებას. მან სახელი შეიმოკლა და დაირვა უბრალოდ რეი ჩარლზი, რადგან ბოქსიორ რეი რობინსონში არ არეოდათ (Ray «Sugar» Robinson). 1951 წლის 31 ივლისს დაქორწინდა ეილემ უილიამსზე, ერთი წლის შემდეგ მათი ოჯახი დაინგრა. აღსანიშნავია რომ რეის 12 შვილი ჰყავდა და მხოლოდ 3 ოფიციალურად, ცოლებისაგან. 1955 წელს რეი ხელმეორედ დაქორწინდა, დელ ბეატრის რობინსონზე, რომელთანაც ეყოლა ჰოვარდი. მათი ოჯახი 1977 წელს დაინგრა.
1953 წელს გამოვიდა რეის ერთ-ერთი სინგლი «Mess Around». ამავე წელს მან არანჟირება და აკომპანირება გაუწია ცნობილ ბლუზმენ გიტარ სლიმს (Guitar Slim), კომპოზიცია «The Things That I Used To Do», რომელიც მათ ჩაწერეს, გაიყიდა მილიონზე მეტი ტირაჟით. ასეთივე წარმატებული იყო მისი სინგლი «It Should Have Been Me», რომელიც მთლიანად მას ეკუთვნოდა. შემდეგი მწვერვალი რეიმ 1955 წელს დაიპყრო, როდესაც სინგლი «I Got a Woman» გამოვიდა. ამ უკანასკნელმა სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა R&B ჩარტებში. სწორედ ეს სიმღერა უფრო ხშირად მოიხსენიება როგორც პირველი კომპოზიცია სოულის სტილში. ამ დროს რეის რეპერტუარი სანახევროდ გოსპელს წარმოადგენდა ტექსტის მიხედვით, ხოლო ნახევარი ბლუზს. 


ელა ფიცჯერალდი

ელა ჯეინ ფიცჯერალდი (Ella Jane Fitzgerald) (* 25 აპრილი, 1917, ნიუპორტ-ნიუზი,
 ვირჯინია ― 15 ივნისი, 1996, ბევერლი ჰილსი, კალიფორნია), ასევე ცნობილი, როგორც ‘ლედი ელა’ (სიმღერის პირველი ლედი) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯაზის მომღერალი, ცამეტი გრემის მფლობელი, ეროვნული ხელოვნების მედლით დაჯილდოებული პრეზიდენტ რეიგანის მიერ, და თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით - პრეზიდენტ ბუში უფროსის მიერ. სამ-ოქტავიანი ვოკალური დიაპაზონით დაჯილდოებული მომღერალი გამოირჩეოდა ტონალობის სიწმინდით, თითქმის შეუმცდარი ფრაზითა და ინტონაციით და განუმეორებელი იმპროვიზაციის შესაძლებლობით.
დაიბადა ნიუპორტ-ნიუსში, ვირჯინია, აშშ 1917 წლის აპრილში; გაიზარდა იონკერში, ნიუ-იორკი. გულის შეტევით 38 წლის ასაკში დედის უეცარი გარდაცვალებისა, ხოლო მამის ბავშვის დაბადებისთანავე გაუჩინარებით, 14 წლის ასაკში დაობლდა.
ელამ სასიმღერო დებიუტი 16 წლის ასაკში 1934 წელს მოახდინა აპოლონის თეატრში ჰარლემში, ნიუ-იორკი, იმ დროს ცნობილ ერთ-ერთ ადრეულ „მოყვარულთა ღამეების“ კონკურსზე. თავდაპირველად მიზნად დასახული ჰქონდა სცენაზე საცეკვაოდ ასვლა, თუმცა „ედვარდსის დების“ (ადგილობრივი საცეკვაო დუეტი) გამოწვევით სიმღერა გადაწყვიტა. იმ ღამით კონკურსზე მან გაიმარჯვა, რითაც წარმატება მოიხვეჭა თავისთვისაც და აპოლონის თეატრისთვისაც. ელა იმ ღამეს შენიშნა ბარდუ ალიმ ჩიკ ვების ბენდიდან, რომელმაც ვები დაიყოლია ელა დაექირავებინა. ელა იწყებს სიმღერას ვების ორკესტრში 1935 წელს, ჰარლემის სავოის საბანკეტო დარბაზში. ელას რამდენიმე ჰიტ-სიმღერა აქვს ჩაწერილი მათთან, მათ შორის „(If You Can't Sing It), You'll Have to Swing It (Mr. Paganini)“, თუმცა წარმატება საყმაწვილო ლექსის „A Tisket A Tasket“ მისეულმა ინტერპრეტაციამ მოუტანა.
1939 წელს ჩიკ ვების გარდაცვალების შემდეგ, ბენდმა ტურები გააგრძელა ახალი სახელით „ელა ფიცჯერალდი და მისი განთქმული ორკესტრი“.
ელამ სოლო კარიერა 1941 წლიდან დაიწყო. თავდაპირველი სვინგის შემდეგ იგი რეპერტუარს სწრაფად ამრავალფეროვნებს და მოგვიანებით ბლიუზს, ბოსა-ნოვას, სამბას, გოსპელს, კალიფსოსა და საშობაო სიმღერებს ასრულებს. მისი გვიანდელი კონცერტები მდიდრდება სხვა მომღერალთა ბრწყინვალე იუმორისტული იმიტაციებით. კერძოდ, მას შეეძლო მერლინ მონროსა და ლუი არმსტრონგის ხმისა და ტიპიური ჟესტების საკმაოდ ზუსტი იმიტაცია.
1955 წელს დეკკას ჩამწერი სტუდიის დატოვების შემდეგ, მისი მენეჯერი, ნორმან ფრანზი მის გარშემო ქმნის ჯაზის ჩამწერ კომპანიას, ვერვი.
რვა სიმღერათა კრებული, რომელიც ელამ ვერვისთვის ჩაწერა არარეგულარული ინტერვალებით 1956-1964 წლებში წარმოადგენს მის კრიტიკოსთა მიერ ყველაზე წარმატებულად შეფასებულ ნამუშევრებს, და შესაძლოა მის ყველაზე მნიშვნელოვან შენატანსაც კი ამერიკული კულტურისთვის. სწორედ ეს სიმღერები წარმოადგენს „დიდ ამერიკულ სიმღერათა კრებულის“ უმნიშვნელოვანეს ნაწილს.
ეს რვა ალბომია:
სიმღერები კოულ პორტერის სიმღერათა კრებულიდან (1956) (ბადი ბრეგმანი)
სიმღერები როჯერსისა და ჰარტის სიმღერათა კრებულიდან (1956) (ბრეგმანი)
სიმღერები დუკ ელინგტონის სიმღერათა კრებულიდან (1957) (დუკ ელინგტონი)
სიმღერები ირვინ ბერლინის სიმღერათა კრებულიდან (1958) (პოლ ვესტონი)
სიმღერები ჯორჯ და ირა გერშვინის სიმღერათა კრებულიდან (1959) (ნელსონ რიდლი)
სიმღერები ჰარლოდ არლენის სიმღერათა კრებულიდან (1961) (ბილი მეი)
სიმღერები ჯერომ კერნის სიმღერათა კრებულიდან (1963) (რიდლი)
სიმღერები ჯონი მერსერის სიმღერათა კრებულიდან (1964) (რიდლი)

ნიუ-იორკ ტაიმსის კოლუმნისტი ფრანკ რიჩი წერდა ელას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, რომ სიმღერათა კრებულების სერიაში, ელამ შეასრულა ისეთივე ექსტრაორდინალური კულტურული გადაცვლა, როგორც ეს ელვისის თეთრი და აფრიკულ-ამერიკული სოულის თანამედროვე ინტეგრაცია იყო. ეს შავი ქალი პოპულარიზებას უკეთებდა ქალაქურ სიმღერებს ხშირად დაწერილს იმიგრანტი ებრაელების მიერ და ძირითადად შესრულებულს თეთრი ქრისტიანების აუდიენციისთვის.
ელას ასევე ჩაწერილი აქვს ალბომები ექსკლუზიურად მიძღვნილი პორტერისა და გერშვინის სიმღერებისთვის 1972 და 1983 წლებში, სახელწოდებით 'Ella Loves Cole' და 'Nice Work If You Can Get It'. მოგვიანებით მან ჩაწერა კიდევ ერთი კოლექცია 'Ella Abraça Jobim', რომელშიც ანტონიო კარლოს ჟობიმის სიმღერებია გაჟღერებული.


მაილს დევისი

მაილს დევისი (სრული სახელი: მაილს დიუი დევის III, ინგ. Miles Dewey Davis III) (26 მაისი, 1926 - 28 სექტემბერი, 1991) – მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ინოვატორი მუსიკოსი.
საყვირზე შემსრულებელი, ბენდის ლიდერი და კომპოზიტორი, დევისი ფორფოსტი იყო თითქმის ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენისა ჯაზის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მან შეასრულა ზოგიერთი მნიშვნელოვანი ადრეული "ბებოპ" სტილის კომპოზიციები და გამოუშვა პირველი ქულ-ჯაზის ჩანაწერები. ის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია მოდალური ჯაზისგანვითარების, ხოლო ჯაზ-როკი კი მისი ნამუშევრებიდან წარმოიშვა სხვა მუსიკოსებთან ერთად გვიანდელ 1960-იან და ადრეულ 1970-იანებში. თავისუფალი ჯაზი იყო ერთადერთი ომისშემდგომი სტილი, რომლეზე დევისს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა ზოგიერთი მუსიკოსი მისი ბენდებიდან მოგვიანებით ამ მიმართულებას მიჰყვება. მისი ჩანაწერები, მისსავე მრავალრიცხოვან ბენდებთან ცოცხალ შესრულებებთან ერთად, გადამწყვეტი იყო ჯაზის, როგორც მუსიკალური ხელოვნების ჟანრის, დამკვიდრებაში. ჯაზის პოპულარიზატორმა და ინოვატორმა, დევისმა სახელი გაითქვა წყნარი, მელოდიური სტილითა და ლაკონური, დროდადრო კონფრონტაციული, პერსონალიით. როგორც მაღალ-ანაზღაურებადი და მუდამ გემოვნებით ჩაცმული ჯაზის მუსიკოსი, დევისი ასევე ჯაზის მუსიკის კომერციული პოტენციალის სიმბოლო გახლდათ.


ბილი ჰოლიდეი

ბილი ჰოლიდეი (Billie Holiday), ნამდვილი სახელი ელეონორა ფეგენი (Eleanora Fagan, 7 აპრილი, 1915 - 17 ივლისი, 1959) — ამერიკელი მომღერალი, რომლის შემოქმედება ჯაზის ისტორიის მთელ ეპოქას შეადგენს.
ელეონორა დაიბადა ფილადელფიაში. ბავშვობა უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. მამამისის ვინაობა დაუდგენელია. 11 წლის ასაკში ძალადობის მსხვერპლი გახდა, სამი წლის შემდეგ კი დედასთან ერთად პროსტიტუციის ბრალდებით საკანში აღმოჩნდა. 1930-იანი წლების დასაწყისში ლეგალური შემოსავლის პოვნის მიზნით სამ ღამის კლუბში იწყებს ერთდროულად გამოსვლას, სადაც მშრალი კანონის პერიოდში არალეგალურად იყიდებოდა სპირტიანი სასმელები.
ჰოლიდეი საკმაოდ სწრაფად იხვეჭს რეპუტაციას ჯაზის სამყაროში და ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟულ ღამის კლუბებში გადადის. მისი პოპულარობა განამტკიცა ფილმმა "სიმფონია შავებში" (1935), სადაც მას დუკ ელინგტონთან ერთად გადაუღეს. 1939 წელს დაწერა მისი ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა «Strange Fruit», რომელიც წლების განმავლობაში მის სავიზიტო ბარათად იქცა.

ნინა სიმონე

ნამდვილი სახელი (Eunice Kathleen Waymon) დაიბადა 1933 წლის 21 თებერვალს, ტრაიონში (სამხრეთ კაროლინის შტატში). განათლება მიიღო ნიუ-იორკის პრესტიჟულ მუსიკალურ კოლეჯში (Juilliard School of Music) სადაც თავის დროზე სწავლობდა მაილს დევისი. (Miles Davis ) ის იყო ძალიან ნიჭიერი შავკანიანი ამერიკელი მომღერალი,კომპოზიტორი, პიანისტი. მან თავის კარიერა დაიწყო 1953 წელს ატლანტიკ-სითიში, სადაც ის ღამის კლუბებში პიანინოზე უკრავდა. ზუსტად ამ დროს დაირქვა მან თავისი სასცენო ფსევდონიმი (nina simone) ნინა ესპანურად გოგოს ნიშნავს და სიმონე დაირქვა ცნობილი მსახიობის ”სიმონე სინიორე”-ს საპატივცემულოდ. სამოციანი წლების დასაწყიში მან მოამზადა დიუკ ელინგტონის კომპოზიციების ალბომი სადაც ძირითადათ შედიოდა ბლუზის ბალადები ბროდვეის მიუზიკლებიდან. ორმოცდაათიანი წლების ბოლოს, მან უკვე ჩაწერა და გამოუშვა თავისი 10 ალბომი. სიმონე ხშირად გამოდიოდა კონცერტებზე და არამარტო როგორც მომღერალი, არამედ როგორც პიანისტი,მოცეკვავე და მსახიობი.იგი ჯაზის ტრადიცებს არ ღალატობდა, გამოირჩეოდა შესრულების ორიგინალობით. ის სოულს, პოპ-მუსიკას და ბლუზს უთავსებდა ჯაზს. ნინა სიმონე ძირითადათ თავის სიმღერებს ორკესტრის თანხლებით წერდა.
1965 წელს გამოვიდა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალბომ (I Put Spell on You a) რომელშიც შევიდა მისი ყველაზე პოპულარული სიმღერები (I Put a Spell onYou) (Feeling Goo) და (Ne Me Quitte Pa).
1996 წელს გამოუშვა შემდეგი ალბომი სახელწოდებით (Wild Is the Wind) ამ ალბომში შესული სიმღერები პოპ-მუსიკს ჟანრში იყო ჩაწერილი, ამიტომ მას კრიტიკოსებმა იმ პერიოდში პოპი-მუსიკის დედოფალი შეარქვეს.
ნინა სიმონე პირადად იცნობდა ლუტერ მარტინომ კინგს ამერიკელი შავკანიანების უფლებების დამცველს, მისი და კიდევ ოთხი შავკანიანი ბავშვის მკვლელობის შემდეგ ნინამ გამოუშვა ახალი სიმღერა სახელწოდებით (Mississippi Goddam) ამავე თემატიკის სიმღერები იყო (Pirate Jenny) და ჟაკ ბრელას ინტერპრეტირებული (Ne Me Quitte Pas) ეს სიმღერები უფრო კლასიკური ჟანრის იყო.
1968 წელს იგი უშვებს ახალ სიმღერა (Ain’t Got No) რომელიშიც შეიძლება ითქვას მწარედ აკრიტიკებს მაშინდელ პოლიტიკას. ნინა სიმონე გარდაიცვალა 2003 წლის 21 აპრილს საფრანგეთში მარსელთან ახლოს, თავის სახლში. სადაც მან გაატარა უკანასკნელი 8 წელი. იგი გარდაიცვალა 70 წლის ასაკში.
აქვე აღსანიშნავია რომ ნინა სიმონემ თავისი 40 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში გამოუშვა 170 სტუდიური და საკონცერტო ალბომები და სინგლები.
სულ მას აქვს შესრულებული 320 კომპოზიცია, ის დღემდე რჩება 20 საუკუნის ერთ-ერთ ავტორიტეტულ შემსრულებლად.

რესურსები ინტერნეტში
www.beyondjazz.net
www.radiozerogravity.net
www.phusionculture.be
www.allaboutjazz.com
www.louisarmstronghouse.org
www.michaelminn.net/armstrong
www.liveinjazz.ge
www.wikipedia.org
www.forum.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий